უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დღეს თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდეს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
ახალგაზრდა მოხალისეებს დღეს, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი რაიონების გამგებლებთან ერთად შეხვდა და მათ ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით სპეციალისტების რეკომენდაციები გააცნო. ილია ელოშვილის განცხადებით, მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ორშაბათიდან მოემსახურებიან.
„ეს ზომები მიმართულია იმისკენ, რომ ადგილზე მოხდეს საკვების უსაფრთხოდ გადაცემა ბენეფიციარებისთვის, რომ ბენეფიციარების ის სეგმენტი, რომელიც არის განსაკუთრებით მოწყვლადი რისკ-ფაქტორების ქვეშ ან არიან ქრონიკული დაავადებების მატარებლები, ასევე, იზოლაციაში მყოფი ადამიანები და მარტოხელა მოხუცები, არ დარჩნენ საკვების გარეშე. მერიამ გამოაცხადა მობილიზაცია და მოუწოდა მოხალისეებს, შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მიზნები. ამ მოწოდებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება. ჩვენ მივესალმებით ყველა მოხალისეს, რომელიც თავისი სურვილით დააფიქსირებს ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ჩვენს ცხელ ხაზზე. ჩვენ მოხალისეებთან ერთად მოვახდენთ იმ სეგმენტის იდენტიფიცირებას, რომელიც საკვების ადგილზე მიტანას საჭიროებს. ასევე, მოხდება ადგილზე რიგების მართვა იმგვარად, რომ მომსახურება იყოს სრულიად უსაფრთხო. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მათ უკვე გააჩნიათ სტრუქტურები რაიონების მიხედვით, რაც გაცილებით გაგვიმარტივებს ურთიერთობას გამგეობებთან, რომლებმაც უნდა წარმართონ ეს პროცესები“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
უფასო სასადილოებში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა – როგორც ცნობილია, ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (032 2 722222), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც “ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;
ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.
ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მოხალისედ დარეგისტრირდეს, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 032 2 722222. საჭიროების შემთხვევაში, მათ დაუკავშირდებიან და ისინი გაივლიან შესაბამის ტრენინგს.