ქობულეთში, ახალგაზრდა მამაკაცი თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო კარანტინში პოლიციამ გადაიყვანა.
შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
მამაკაცის მამის ინფორმაციით, მისი შვილი გერმანიიდან 8 დღის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციაში საერთოდ არ იმყოფებოდა.
„რვა დღის წინ ჩამოვიდა გერმანიიდან, სახლში იყო, ოჯახის წევრებთან კონტაქტი როგორ არ ექნებოდა, მეზობლებთანაც ჩამოდიოდა. არაფერი სჭირს, არც სიცხე ჰქონდა. თქვა, რომ საზღვარზე შემოწმება გაიარა და რა გითხრათ, უცებ დაადგნენ და წაიყვანეს. თუ კარანტინია საჭირო, იქნება კარანტინში“ ,- განაცხადა ახალგაზრდა მამაკაცის მამამ.
შეგახსენებთ, აქამდე დაავადებათა კონტროლის და შსს-ს ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა. შედეგად, შსს-მ იძულების წესით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანა.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.