“ევროპული საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპიზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება მათ ინტერესშიცაა, თუმცა ბოიკოტის დასრულება შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული.
“როგორც კი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ ბუნებრივია, პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს. როგორც ქვეყნის, ასევე ჩვენს ინტერესშია ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება – როგორი დაპირისპირებაც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის შინაარსით, ნორმალურია, როცა ეს ყველაფერი პარლამენტში ხდება. არ დაგიმალავთ, რომ “ევროპული საქართველოს” ეგოისტური ინტერესია და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გვგონია, რომ საპარლამენტო ტრიბუნას ეფექტურად ვიყენებთ. ორივენაირად გვაწყობს ეს, მაგრამ პრინციპული საკითხია შეთანხმების შესრულება. იმედია, ეს შესრულდება და პოლიტიკური ბოიკოტი დასრულდება. თუ შეთანხმების შესრულებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, ჩვენი ხმების პრობლემა არ იარსებებს. ხმას მივცემთ და ბოიკოტი სხვა მხრივ გაგრძელდება. შესაძლებლობას ყოველთვის გამოვნახავთ, რომ იმ შეთანხმების შესრულებას, რომელიც მიღწეული იქნა, პრობლემა არ შევუქმნათ. იმედი მაქვს, არც სხვა არ შეუქმნის არც ერთი მიმართულებით”,- განაცხადა ბოკერიამ.