სამეგრელოში ტყის და ტყის ქვედა საფარის ხანძრებზე სიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“გვიან ღამით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი გურიიდან სამეგრელოში გადავიდნენ გაჩენილ ხანძრებზე სიტუაციის ადგილზე შესასწავლად.
სამეგრელოში 10 მარტს რამდენიმე ტყის და ტყის ქვედა ხანძრის კერა დაფიქსირდა. მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, მარტვილის რაიონის სოფელ ლესიჭინეში, ასევე, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში. ამ დროისთვის ყველა აღნიშნულ ლოკაციაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.
გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა წალენჯიხის მუნიციპალის სოფელ ზღვაიაში. ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს, გაველურებულ ჩაის და ბალახს. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძო-სამაშველო ეკიპაჟი. ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხერხდა.
ამ დროისთვის, სამეგრელოში ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრები აღარ ფიქსირდება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.