საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის განცხადებით, 2 ხომალდი საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნებას უზრუნველყოფს, რომელთაც მთავრობის დადგენილი შეზღუდვების შედეგად ქვეყანაში დაბრუნების პრობლემა შეექმნათ.
“დღეს დილით 2 ხომალდი გაფრინდა იტალიის მიმართულებით. დაბრუნდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად ქვეყანაში დაბრუნების შეფერხება შეექმნათ”, – განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, იტალიაში მყოფ ყველა დანარჩენ ადამიანს, საქართველოში ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან შეუძლიათ დაბრუნება.
ღვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას გამოიჩენენ და გაითავისებენ რა შედეგები აქვს, როდესაც ჩამოდიან და შეგნებულად მალავენ ინფორმაციას.
მისი თქმით, მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებას 4 დღის განმავლობაში გეგმავდნენ, მაგრამ იტალიის მთავრობის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა ეს პროცესი დააჩქარა.
“ჩვენ ორგანიზებულად ვაკეთებთ მათ წამოყვანას. მათ გაიარეს ჩვეულებრივი რეგისტრაცია. აქ არის ერთი სირთულე, ჩვენ მათ ჩამოყვანას 4 დღის განმავლობაში ვგეგმავდით. მაგრამ იტალიის მთავრობის მიღებული გადაწყვეტილების გამო დავაჩქარეთ. მე თავს შევიკავებ ზუსტი დროის დასახელებისგან როდის ჩამოვა ხომალდები. თითოეული ჩამოსული ვალდებულია შემოწმდეს და კარანტინი გაიაროს” – განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.