“გეყოთ ღლიცინი, ვერ ხედავთ რა ხდება?!” – ამ და მსგავს სიტუაციებში ყველაზე მცდარი მიდგომაა!.. მიუხედავად იმისა, რომ მგავსი სიტუაციები, რომლებიც დროის რაღაცა მონაკვეთში თავად სერიოზულობის სახეს იძენს, მიდგომებს შორის მაინც ყველაზე მცდარი მიდგომა.
შუა საუკუნეების “შავი ჭირის” და სულ ახლანდელი “ესპანური გრიპის” აფეთქებასაც და მათ მიმდინარეობასაც თან ის რიტუალურის მსგავსი ტრაგიზმი და სასოწარკვეთა ახლდა, რომელიც ადამიანისთვის არანაკლებ (მეტად თუ არა) დამანგრეველი იყო, ვიდრე საკუთრივ დაავადება.
მედიცინის განვითარების დაბალ დონესთან ერთად კავშირის დაბალი დონის პირობებში მყოფი ადამიანების გარშემო დატრიალებული დრამის ეფექტი, რა თქმა უნდა, სულ სხვა იქნებოდა… სულ სხვა განზომილება იქნებოდა და ადვილი წარმოსადგენია ის კოშმარი, რომელშიც იმ პერიოდების თანამედროვეები გაეხვნენ. დაავადებები იმხანად თავს ფაქტობრივად გათითოკაცებულ კაცობრიობას ესხმოდა და შესაბამისად ადამიანებს როგორც ფიზიკური, ისე მორალური მიმართულებითაც სჯაბნიდა.
გლობალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანიც და მიღწევაც (მის მოწინააღმდეგეებს ეს მხედველობიდან ჯერ-ჯერობით კი რჩებათ, მაგრამ თვალის ამ მიმართულებით ახელას სიცოცხლე თავად უზრუნველყოფს) არა იმდენად ტერიტორიების გამყოფი ფორმალური საზღვრების მოშლა, რამდენადაც ადამიანების ერთმანეთისგან გამყოფი საზღვრების მოშლაა და ის ამას ნელ-ნელა და მტკივნეული (როგორც წესი!) ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ახერხებს. დღეს ადამიანებსშორისი ერთობა ისე მჭიდროა, როგორც არასდროს და ვიღაცა თუ იტყვის, რომ სწორედ ეს “მჭიდრო ერთობაა” დაავადებების სისწრაფისა და გეოგრაფიის ზრდაში დამნაშავე, მართალიც იქნება და მტყუანიც!..
მართალი იმიტომ იქნება, რომ ამის საფუძველს ელემენტარული ფიზიკა მისცემს… ელემენტარული დიფუზია.
მტყუანი კი იმიტომ იქნება, რომ ადამიანები და ადამიანებსშორისი ურთიერთობები მხოლოდ ელემენტარული ფიზიკით ნამდვილად არ განისაზღვრება და ერთმანეთის საპირწონედ მდგომ “მოღლიცინე” მთლიან მსოფლიოსა და გაფითრებულ მარტო სოფელს შორის არჩევანი წესით ნათელი უნდა იყოს… ნათელი უნდა იყოს ის, რომ საფრთხისთვის სახეში შეხარხარება ნახევარი გამარჯვებაა, ხოლო მის წინაშე ფერხთით დაცემა სრული მარცხი.
ასე რომ, მიუხედავად ადამიანური დანაკარგებისა, საერთო საფრთხეს კაცობრიობამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დასცინოს!.. “ეღლიცინოს” და საბოლოოდ გააცუროს… სასოწარკვეთა საფრთხეს მხოლოდ საფრთხის დამატებით ელემენტებს შესძენს და ეს არ უნდა დავუშვათ.
რაც შეეხება თვითონ დაავადებას.
მეგობრის ფეისბუქგვერდზე სიტყვა “ბლეფი”-ს მოვკარი თვალი…
კი, გამორიცხული არ არის რომ ბლეფი იყოს!.. კაცობრიობის დღევანდელი ნიმუში სავსებით იძლევა “შეთქმულების თეორიის” ამ მიმართულებით განვრცობის საშუალებას… ჯერ და უკვე იმდენად სულელი და ჭკვიანია, რომ ასეთი ნაბიჯისთვის ეყოფოდა „უჭკუობაც“ და “ჭკუაც”.
ადამიანები ყოველდღე ავადმყოფობენ, ზოგი მძიმედ იტანს, ზოგი მსუბუქად, ზოგიც უსიმპტომოდ და ვინ იცის, იქნებ სხვებს აავადებენ… მოკლედ, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს კორონავირუსის გარშემოა შექმნილი, შეიძლება ითქვას, რომ ამ პლანეტის ყოველდღიურობა იყო ყოველთვის.
ადამიანები ყოველდღე კვდებიან. მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღე ათეულ ათასობით ადამიანი კვდება და უმეტესობა მათგანი კვდება ხანდაზმულ ასაკში. “ავადმყოფობის შედეგად, ამა და ამ ასაკში, გარდაიცვალა ეს და ეს” – დაახლოებით მსგავსი, როგორც წესი დეტალებისგან დაცლილი ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილის შესახებ და კაციშვილმა არ იცის სიკვდილის დადგომის ზუსტი მიზეზი.
უფრო მეტი, ვიდრე დასაშვებია, რომ “კოვიდ 19”-ით ადამიანები აქამდეც იღუპებოდნენ, თუმცა მათ სიკვდილის მიზეზს ეს კონკრეტული სახელწოდება არ ჰქონდა ჯერ… ჯერ “უხილავი” იყო ასე ვთქვათ და გამორიცხული სულაც არ არის ვიღაცის თავში “ახალი სიმპტომატიკისა” და შესაბამისად “ახალი დაავადების” იდეა გაჩენილიყო.
ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე დღეს იმდენად მაღალია და ფორმებიც იმდენად მრავალი და ეფექტიანი, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის დიდი სირთულე ნამდვილად არ იქნებოდა მსგავსი “პროექტის” განხორციელება. მოტივი კი ისევ ის ექნებოდა, რომელიც ადამიანს ყოველთვის მართავდა და დღემდე მართავს… ძალაუფლება!
ასე რომ, რა თქმა უნდა, თავისუფლად დასაშვებია ისიც, რომ რაც დღეს მსოფლიოში ხდება არის ერთი დიდი ბლეფი… კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი დადგმა.
მოკლედ, “ღლიცინი” წინააღმდეგობის არანაკლებ ქმედითი საშუალებაა, ვიდრე ვაქცინა, რომლის საჭიროებაც აქამდე შეიძლება მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ დაავადებას ასეთად არ ვცნობდით… მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ დაავადებას სახელწოდება(!) არ ჰქონდა.
ნებისმიერ შემთხვევაში გისურვებთ ჯანმრთელობას, მორალურ სიმტკიცეს და ერთად(!) დგომას… გლობალური მოვლენა მხოლოდ გლობალურ ხედვას და მიდგომას, ერთიან თანადგომას საჭიროებს.
ვასო შონია