იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.
კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ით გაიზარდა და 230-ს გადააჭარბა, ამავე პერიოდში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.