საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს სალეჩო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებსა და იტალიის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას გადის ისეთივე მეთოდით, როგორც იტალიის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები. საელჩო24 საათიან კომუნიკაციაშია ამ ადამიანთან. მივაწოდეთ შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე მუდმივად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოკითხვა. საელჩო კომუნიკაციაშია არა მარტო მასთან, არამედ კლინიკასთან და იტალიის სხვა შესაბამის სამსახურებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.
„ჩვენ ჯერჯერობით არ გავაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მოქალაქეს აქვს სიმპტომები ან აღენიშნება ეს ვირუსი. ჯერჯერობით მდგომარეობა ამ კუთხით არის დამაკმაყოფილებელი. როგორც აღვნიშნე, მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.