ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1-ლი ივნისიდან მშობელს შეეძლება, შეზღუდოს ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომლებიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით დებულება დაამტკიცა და საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა.

აღნიშნულტან დაკავშირებით კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი შვილები ონლაინ საფრთხეებისგან  დაიცვან.

„იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა  კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებგვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებგვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიას შეადგენს და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებს.  აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ კვირაში ერთხელ განახლდება.

გარდა ამისა, კომისია ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს განახორციელებს და ამ გზით გააკონტროლებს, როგორ ასრულებენ კომპანიები  საკუთარი ვალდებულებებს. ხოლო, ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაამტკიცა. კანონი ძალაში 1 ივნისს შევა.

 

 

 

 

იტვირთბა....