ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია “გლობალ ბრენდი”, საპარტნიორო ფონდმა 7 მილიონი დოლარით დააფინანსა. ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფლების მონიტორი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს 100%-იანი ინვესტიციაა მაშინ, როცა ფონდი ძირითადად თანაინვესტირებით იფარგლება.
როგორც ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, გაჩეჩილაძემ მთავრობას ამ კომპანიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას წარუდგინა, რომელიც მისი მეგობარი იყო. გაჩეჩილაძე მეგობრობდა ფონდის დირექტორ დავით საგანელიძესთანაც, რომელიც წარსულში მისი თანაპარტიელიც იყო. თუმცა, ის უარყოფს, რომ დაფინანსება მათი დამსახურებით მიიღო.
“მე ვიყავი პოლიტიკაში. მე ვარ ვიღაც ადამიანების მეგობარი. ეს რას ნიშნავს, ჩემი გამოცდილებით პროექტი აღარ უნდა დავწერო, მთავრობაში არ უნდა მივიტანო? აკრძალული მაქვს ამის გაკეთება თუ რა?!” — განუცხადა მან თავისუფლების მონიტორს.
ჟურნალისტის განმარტებას, რომ ფონდს ამხელა თანხით აქამდე არავინ დაუფინანსებია, გაჩეჩილაძე პასუხობს:
“რაღაცა ყოველთვის ხდება პირველად. ასე მოიგონა ჯობსმა, ეძებდა, ეძებდა არავინ არ აფინანსებდა, საბოლოო ჯამში, იპოვა დამფინანსებელი და დღეს პირველი კომპანიაა ეფლი”.