,,თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი – აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში.
დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები.