“ვფიქრობთ, რომ ახლოს ვართ პოლიტიკური ძალები შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის” – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებთან, გერმანიის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის ლიდერებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
„ამ რამდენიმე შეხვედრით მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ არგუმენტები გაგვეცვალა, განგვეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც შეთანხმებისთვის არის აუცილებელი. დაგვჭირდება გარკვეული დრო, სანამ შემდეგი შეხვედრა შედგება. შესაძლებელია, რომ შეთანხმება უკვე პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდეს.
დღეს კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორების და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი არის, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ხელისუფლება, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად დამკვირვებლების მიერ მოხდეს ობიექტური შეფასებები, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს 2020 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად.
არის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებული, ვფიქრობთ, რომ ახლოს ვართ პოლიტიკური ძალები შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის. ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად მოვემზადოთ დიალოგის შემდეგი შეხვედრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.