“დღეს დილით გვყავდა 13 პაციენტი, დღის განმავლობაში დაგვემატა კიდევ რამდენიმე პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯამში 14 პაციენტისგან ტესტის აღება დიდ დროს მოითხოვს, ამიტომაც საბოლოო პასუხის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება.
“დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება, კორონავირუსზე კვლევაზე. ვინაიდან 14 პაციენტი იყო, შეგროვდა ტესტები ერთდროულად. თითოეულის აღებას თავისი პროტოკოლური შევსება და დრო აქვს. გაიწელა ტესტების აღება და 2-3 საათი იყო, როდესაც მორჩა ტესტების აღება და წაღება. აქედან გამომდიანრე ჯერ ვერ დამთავრდა ანალიზების ბოლომდე ჩამთავრება და პასუხები ჯერ არ გვაქვს. 1 ან 2 საათი შეიძლება დასჭირდეს ჩვენთვის ტესტის შედეგების მოწოდებას”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მისივე თქმით, სანერვიულო არაფერია, რადგან პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“სანერვიულო არაფერი არ გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია, ანთების მაჩვენებლები არ არის, გამორიცხულია პნევმონია, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჩივილები არ აქვთ. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ 14 შემთხვევაზე ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური. ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია 14 პაციენტზე ტესტის აღებამ”, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია.