დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ღონისძიებები, რაც საქართველოს საზღვრებზე დღემდე ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ხორციელდებოდა – მათ შორის თერმოსკრინინგი, ახლა უკვე ირანიდან ჩამოსულ პირებზეც ვრცელდება.
გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, იგივე ღონისძიებები დაწესდეს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზეც, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია.
“მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია, რადგან, ჩინეთთან შედარებით, ამჟამად ჩვენთვის, შესაძლოა, მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ირანი. ჩვენ მასთან საზღვარი არ გვაქვს, თუმცა ძალიან ახლოს არის, თეირანიდან საათნახევრის ფრენაა საქართველომდე და ძალიან ინტენსიური ტურისტული და ბიზნესურთიერთობები გვაქვს ირანთან. ამიტომაც მიიღო დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანის რისკი,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, უკვე ხვალ საქართველოს მთავრობა ხელს მოაწერს ახალ განკარგულებას და ქვეყანაში დაავადების შემოტანის პრევენციისთვის მორიგი ნაბიჯები გადაიდგმება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჩინეთში ეპიდაფეთქების დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 24 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით არცერთი მათგანი არ დადასტურდა.