მიმდინარე წლის 24 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გასაჯაროვდა აუდიტის დასკვნა, რომელშიც არც თუ სახარბიელო შედეგებზეა საუბარი (იხილეთ დასკვნა ქვევით).
საკუთარ გვერდზე, აღნიშნულ დასკვნას აზიარებს ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე და საკმაოდ მძაფრი ფორმით გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას. მისი თქმით, რაგბი ეფლობა კორუფციაში და მისი მენეჯმენტის და ხელმძღვანელის პირად გამორჩენას გადაყვება ეს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობა.
“კიდევ ერთხელ ვისიამოვნე ჩვენი რაგბისტების ხალასი თამაშით დღეს, თუმცა, მთელი თამაშის მანძილზე ეს აუდიტის დასკვნა მიწვალებდა სულს…. ერთი დღეც იქნება ბიძინა ივანიშვილი წაიკითხავს ამ დასკვნას და ის ათეული მილიონები რასაც ის რაგბში დებს შუწყდება რაგბს. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ვერ იტანს კრისებს და მისი ფულის უპრაგონოდ ხარჯვას, არადა ამ დროს რაგბი ეფლობა კორუფციაში და მისი მენეჯმენტის და ხელმძღვანელის პირად გამორჩენას გადაყვება ეს ჩვენი საამაყო სპორტი…..
რა გინდათ ბოლობოლო თქვე უნამუსოებო, დაასამაროთ გინდა რაგბი და დარჩეს ისევ უსახსრებოდ? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა შიდა არჩევნებით და შიდა საძმაკაცოს იმედად ისევ ძველი ხელმღვანელის არჩევნების ე.წ. ბ…ი ბლოკით ცდილობ ყველანაირი გზით ისევ ძველი ხელმძღვანელის არჩევას.
მითქვია მე ჯიგრებო, ცოტა დაფიქრდით და ისე ნუ იზამთ, ბიძინამ მიწა მიგაყაროთ და უსახსროდ დაგტოვოთ…. მე სულ ს…ე მკიდია თქვენ რა მოგაკლდებათ, მაგრამ რაგბს რომ მოაკლდება და რაგბი უკან წავა, ამას წინასწარ ვდარდობ… ვდარდობ იმიტომ რომ თავად მაქვს ნათამაშები ადრე და როგორც სამხედრო საქმე, ისე რაგბიც ჩემი გატაცებაა და ჩემი ქვეყნის სახელი…..
თქვენ ბიძია, ან ძაან არაპროფესიონალები ხართ, ან კრისები! ამის თქმის საფუძველს ამ აუდიტის დასკვნა რომ იძლევა ფაქტია და ნუ იზამთ ამას არჩევნებში მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებო!! მე თუ გავიგე ამ მახინაციების შესახებ…. ბიძინაც გაიგებდა და ნუ ღუპავთ ბიჭებო რაგბს… ყველამ კარგად იცის უკვე რა ხდება რაგბში (ეს აუდიტის დასკვნაც სერიოზული დოკუმენტია) თუ როგორ არის ხმების მოპოვების სისტება დალაგებული! ის, რომ რამდენიმე გუნდი შექმნილია არა სათამაშოდ, არამედ საარჩევნო ხმების გამო და მხოლოდ არჩევნებში გამარჯვების გამოა, ეს ფალშივკკა გაკეთებული….
არჩევნებში მონაწილე ხალხს მივმართავ,….. ნუ იზამთ ისე რომ რაგბიც მოკლათ და თქვენც მშრალზე დარჩეთ მეგობრებო….. ჩემი პატივისცემა თქვენ, ვისაც გულით გიყვართ რაგბი და გადააბიჯებთ მაგ ნეპოტიზმს!” – წერს აბუსერიძე.
“რაგბის კავშირი კატასტროფის წინაშე დგას” – ასეთი კომენტარი გააკეთა “TV იმედზე” ვეტერანმა მორაგბემ, სანდრო საკანდელიძემ. მისი თქმით, ის თავის დროზე შეეცადა დახმარებიდა გარკვეული კავშირებით რაგბის კავშირს, მაგრამ მსგავსმა კომუნიკაციამ პოზიტივი ვერ მოიტანა.
რატომ თვლით, რომ თქვენ უნდა იყოთ პრეზიდენტი? – ასეთი კითხვა დაუსვეს ირაკლი აბუსერიძეს “TV იმედზე”.
მისი თქმით, მან იცის ყველა დეტალი, აქვს სერიოზული კონტაქტები და გამოცდილება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ რაგბს.
“მეტრონომმა” ვერ შეძლო ბატონ გოჩა სვანიძესთან დაკავშირება პოზიციის დასაფიქსირებლად. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავუთმოთ მას გაზეთი საკუთარი პოზიციის გამოსახატად. ამასთან, “მეტრონომი” მიადევნებს თვალს რაგბის კავშირის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.
(იხილეთ აუდიტის დასკვნა ქვევით)