ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. ტერიტორიას, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებიან, სამართალდამცავები აკონტროლებენ.
ექიმ მაია ხელაძის თქმით, სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია და სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი.
ექიმის განცხადებით, საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა.
შეგახსენებთ, გუშინ სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა.
აეროპორტში შემოწმებისას არცერთ მოქალაქეს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ დაუფიქსირდა.