“ვანო მერაბიშვილი ეცდება, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის შემრიგებლის როლი ჰქონდეს”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე გააკეთა.
ხუხაშვილის აზრით, მერაბიშვილი იმ ნიშას დაიკავებს, რომელიც გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ გათავისუფლდა.
“მე არ ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილი ან “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ან “ევროპულ საქართველოსთან” ხედავს თავის მომავალს. ის თავის პოლიტიკურ მომავალს ხედავს გახლეჩილი პარტიის ორ ფრთას შორის – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის კოორდინატორის როლში. შეეცდება, რომ ხიდები გადოს ამ ორ პარტიას შორის. ეცდება, რომ ნიშა, რაც გათავისუფლდა უგულავას ციხეში შებრუნების შემდეგ, დაიკავოს. ეს იქნება შემრიგებლის როლი საერთო პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად.
რაც შეეხება მის განცხადებას, რომელშიც მან სიტყვა დამხობა გამოიყენა, ეს სიტყვა ამ ქვეყანაში აღარავის აღარ უკვირს. გვარამიასაც ბევრჯერ გამოუყენებია, უგულავასაც. ეს სიტყვები არის წმინდა პოლიტტექნოლოგიური, რომ მერე ჩვენ ავდგეთ და ყველამ მთელი დღე ამაზე ვილაპარაკოთ”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.
მარიამ იმერლიშვილი