“ვანო მერაბიშვილის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია”, – ასე ეხმაურება “ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
როგორც ჭიჭინაძე ამბობს, “ქართულ ოცნებას” მერაბიშვილი “ციხიდან არ უნდა გამოეშვა”.
“ადამიანი, რომელიც ჯერ გამოსული არ არის და დამხობაზე ლაპარაკობს, ვერ ითავისებს, რატომ იჯდა ციხეში. მას ჰგონია, რომ საგმირო საქმეების გამო იყო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო იჯდა. ციხე არავის აძლევს იმის უფლებას, რომ გამოვიდეს და ხალხს ასწავლოს, როგორ იცხოვროს. განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, ამ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის. ასეთი ადამიანების ადგილის პოლიტიკაში განსაკუთრებით არ არის.
იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში, ეს მისი გადასაწყვეტი არ არის, ხალხის გადასაწყვეტია. მის თანაგუნდელებსაც არ უნდათ – ზოგმა დააგვიანა, ზოგმა თქვა დაისვენოსო – არავის არ სჭირდება მერაბიშვილი გვერდზე. ის არის კეთროვანი ადამიანი.
ვინ ჩადიოდა დანაშაულს, თუ არა მერაბიშვილი? თუ ვირტუალურად ჩადიოდა დანაშაულს? არ მიმაჩნია, რომ მერაბიშვილის ადგილი არის პოლიტიკაში. ამ განცხადებების შემდეგ, მისი ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია.
არც “ქართული ოცნება” გვამყოფებს კარგ მდგომარეობაში და კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიწყო “ოცნებამ” მისი გამოსვლით. მე არ ვთვლი, რომ მან მოიხადა სასჯელი, მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. ძალიან ბევრი საქმეა, რომელიც მის ციხეში შებრუნებას ხელს შეუწყობს და ამიტომ, “ქართულ ოცნებას” ურჩევნია, სამართლიანობა აღადგინოს. თუ გიგი უგულავას მოიქცნენ ასე, ამ ადამიანთანაც მოიქცნენ ასე. თუ უგულავას მეორედ აბრუნებ ციხეში, მერაბიშვილი საერთოდ არ უნდა გამოუშვა მაშინ”, – უთხრა “მეტრონომს” დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.
მარიამ იმერლიშვილი