გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ჟურნალისტები ახალ მტკიცებულებებს დებენ, გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსული “ფეესბეს” მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოცემა წერს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კრასიკოვი “ფეესბეს” სპორტულ დარბაზში პერიოდულად დადიოდა სავარჯიშოდ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გამოძიებაში ცნობილი გერმანული გამოცემა Der Spiegel-იც მონაწილეობდა.
ჟურნალსიტური გამოძიება მტკიცებულებებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კრასიკოვი სპორტულ დარბაზში ვიზიტისას ხშირად ეკონტაქტებოდა ტელეფონით “ფეესბეს”, კერძოდ სპეციალური ქვედანაყოფის, ე.წ. “ვიმპელის” თანამშრომლებს კონსულტაციებისთვის. დამტკიცდა ისიც, რომ ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, კრასიკოვი დაუკავშირდა “ვიმპელის” შეფს ედუარდ ბენდერსკის, სადაც სავარაუდოდ, შეკვეთის დეტალებზე იყო საუბარი.
“ისინი დეტალებზე შეთანხმდნენ. კრასიკოვმა გადაიკეთა პაპორტი ვადიმ სოკოლოვის გვარზე” – წერს გამოცემა. ეს ზუსტად ის გვარია, რომელიც მკვლელობის ადგილზე ნაპოვნ პასპორტში სამართალდამცველებმა ამოიკითხეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბენდერსკი პუტინმა რუსეთ-ერაყის სამუშაო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა, რითაც მას მიენიჭა უფლება დაიცვას ერაყში რუსული ნავთობის ობიექტები დაიცვას. მას დაუკავშირდა გამოცემა The Insider-ი, სადაც ბენდერსკიმ თქვა, რომ არ იცნობს კრასიკოვს და მორიგ კითხვებზე პასუხის გაცემაზეც უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 24 აგვისტოს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.