ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციას ვურჩევ, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს” – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მას ირაკლი შოთაძესთან ექნება კითხვები, რომელიც სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს უკავშირდება.

„ჩვენ კომიტეტი ჩანიშნული გვაქვს 14:00 საათზე. კომიტეტზე ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, დაისვას ყველა ის შეკითხვა, რომელიც საჭიროა გაჟღერდეს და საზოგადოებამაც იხილოს პირდაპირ ეთერში თუ რა შეკითხვები დაისმება და როგორი პასუხები იქნება. მე, რა თქმა უნდა, მექნება კითხვები, რომელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, ასევე, როგორი ხედვა აქვს პროკურატურის სისტემის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით. ვინაიდან მე საპროკურორო საბჭოს წევრი ვარ, ეს შეკითხვები დავსვი და მივცემ შესაძლებლობას, იქნებიან ეს უმრავლესობიდან თუ ოპოზიციიდან, მათაც დასვან შეკითხვები. იმედი მაქვს, ეს პროცესი იქნება გამოყენებული, რომ დაისვას შეკითხვები მათ შორის ოპოზიციიდანაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს.

„ოპოზიცია საყოველთაო ბოიკოტის რეჟიმშია. ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მათ პოზიციას, რომ თურმე ამ სისტემის პირობებშიც შეძლებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. მაშინ რა გამოდის, რომ მთელი ეს პერიოდი რასაც ისინი ითხოვდნენ, ეს იყო ფუჭი და რეალურად ტყუილი. მათ არანაირი მოლაპარაკება არ სურდათ, არც საარჩევნო სისტემის შეცვლა, უბრალოდ ისინი იძულებული იყვნენ, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. როცა ასეთ ტყუილსა და სიცრუეს ვხედავთ ამ ჯგუფების მხრიდან, ლოგიკურია, როგორი კანდიდატიც არ უნდა ყოფილიყო, მათი მხრიდან იქნებოდა ის, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. მე ყველას ვურჩევ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს და დასვან შეკითხვები, მისცენ კანდიდატს საშუალება, რომ პასუხი გასცეს და გადმოვიდნენ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ვერც პროცესის ჩაშლის და ვერც არაკონსტრუქციული მოქმედებების შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....