გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთი, ჩინეთი და აშშ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდიან.
მისი თქმით, აღნიშნული სამი ქვეყანა, ეროვნულ ეგოიზმში არიან დამნაშავეები, რაც შეიარაღების ზრდასა და უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შექმნას იწვევს.
პრეზიდენტი ასევე, ყირიმის ანექსიის თემასაც შეეხო და მას რუსეთის მხრიდან უკანონობა უწოდა. მისი აზრით, აღნიშნული ფაქტი, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
რაც შეეხება აშშ-ს და დონალდ ტრამპს, შტაინმაიერი ფიქრობს, რომ ამერიკის გაძლიერება მისი მეზობლებისა და პარტნიორების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
ჩინეთთან დაკავშირებით კი გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღიარებს საერთაშორისო სამართალს, როდესაც მისთვისაა მისაღები.