ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი მოითხოვს, თუ ევროპარლამენტმა შექმნა კომისია, სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეც იმუშაოს.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებით დაკომპლექტებული ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნის შემთხვევაში, უგულავას გარდა სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიც უნდა გამოიძიონ.
“ჩვენ ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ, როგორ უნდა შეიქმნას ეს კომისია და რა ინსტიტუციური მანდატი შეიძლება ჰქონდეს. როგორც ჩანს, თვითონ ევროპარლამენტს არ აქვს ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია.
შესაბამისად ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ამ პოზიციას, მაგრამ გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს კომისია შეიქმნას და თუ შეიქმნება, ჩემი პოზიცია არის, რომ თუ ესეთი მასშტაბური ღონისძიება გატარდა, ევროპარლამენტმა უპრეცენდენტოდ შექმნა საგამოძიებო კომისია ძალიან კარგია და კარგი იქნება, ამ კომისიას მიენიჭოს მანდატი არა მხოლოდ უგულავას საქმეზე, არამედ სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რომელიც სამწუხაროდ მრავალია ჩვენ ქვეყანაში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
აღნიშნულის თაობაზე „ტვიტერში“, სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია გაიგზავნოს.