აჭარის რეგიონში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
თოვლის საფარი ხულოში 80-სმ-ია, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი, 1.50 სმ-ს აჭარბებს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს შეუწყდა.
მათივე ცნობით, გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს.
რაც შეეხება ქედას, მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 60-80 სმ აღწევს, მაღლობში საფარმა 1.50 სმ-ს გადააჭარბა.
მერიის ცნობით, მობილური ჯგუფები მუშაობენ დანდალოს, მერისის, დოლოგნის, პირველი მაისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე, ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია მახუნცეთის, ცხმორისისა და ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულებსაც.
ინტენსურად თოვს შუახევშიც, სადაც თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1.50 სმ-აჭარბებს.
შუახევის მერიის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მუნიციპალიტეტს გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თუმცა, ,,ენერგო-პრო-ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია..