ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბიძინა ივანიშვილი მსგავს საკითხებში არ ერევა” – მარნეულის ყოფილი მერის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მარნეულის ყოფილ მერს ბრალი ედებოდა  ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით,  ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა.

შეკითხვაზე, საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდა თუ არა იმ ვიდეოს გამოკვლევა, სადაც ასახულია ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, აბაზოვის ადვოკატი პასუხობს, რომ ვიდეოს გამოკვლევა მოხდა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო მსჯელობდა არა იმაზე, ნამდვილად აიძულეს თუ არა ერთ-ერთ პირს საკუთარი შარდით სახის დაბანა, არამედ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში თემურ აბაზოვი.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ქმედებაში თემურ აბაზოვის მონაწილეობა არ დადასტურებულა.

თემურ აბაზოვის თქმით, მან არ იცოდა, გაამართლებდნენ თუ არა.

“არ ვიცოდი, ვიქნებოდი თუ არა გამართლებული. ბიძინა ივანიშვილი მსგავს საკითხებში არ ერევა. რომელ დახმარებაზეა საუბარი, რომელ ჩარევაზეა საუბარი. ეს სრულად პროკურატურის გამოძიება და სასამართლოს გადაწყვეტილება იყო”, – აცხადებს თემურ აბაზოვი.

შეგახსენებთ, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

მომხდართან დაკავშირებით „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

შეგახსენებთ, 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

 

იტვირთბა....