“ქართული ოცნებიდან” დემარშით წამოსული დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს.
როგორც “მეტრონომთან” საუბრისას ნაცვლიშვილმა განაცხადა, ეს შეიძლება პარტია ან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება იყოს.
დეპუტატის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიიდან წამოსულ დეპუტატებთან.
“ზოგადად, კონკრეტული პოლიტიკური ხედვების ირგვლივ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის არსებობა ამ ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დასრულდეს ძალა, რომელიც რევანშიზმით არის შეპყრობილი და მეორე ძალა, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული. აქედან გამომდინარე, ახლა მთავარია, ისეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომლებსაც ექნებათ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დაიძლიოს სიღარიბე, როგორ უნდა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, როგორ უნდა დამარცხდეს კორუფცია, როგორ უნდა შეიცვალოს განათლების პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ა.შ. ყველა ამ მიმართულებაში არის ხარვეზები და ჩავარდნა. ამ მიმართულებებში ქვეყანა ვერ განვითარდა და ისევ იმ მდგომარეობაში დარჩა, რა მდგომარეობაშიც იყო. როგორ უნდა მოეწყოს საბინაო პოლიტიკა და ამდენი უსახლკარო როგორ არ უნდა გყავდეს და ა.შ. ეს არის მთავარი საკითხები. ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს კონსულტაცია. მე ამ შემთხვევაში ამ კონსულტაციის ნაწილი ვარ. დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ, კონსულტაციები ვისთანაც მიმდინარეობს, მათ შორის არის ზოგიერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. უნდა შეჯერდეს პროგრამული საკითხები, რომლებიც იქნება დაფუძნებული სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზე და შემდგომში უკვე გაცხადდება რა ორგანიზაციული ფორმით წარდგება ეს ერთობა საზოგადოების წინაშე. შეიძლება ეს იყოს პარტია, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გაერთიანება, მაგრამ ეს პოლიტიკური ძალები არ არიან არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული და არც “ქართული ოცნების” დეპუტატები არ იქნებიან ამ გაერთიანებაში. ეს იქნება იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც უბრალოდ პოლიტიკაში მოსვლა კი არ აინტერესებთ, მათ აქვთ კონკრეტული ხედვა, დამოკიდებულება და რეცეპტი იმისთვის, როგორ უნდა გამოსწორდეს ქვეყანა.
იმ ადამიანებთან, ვისთანაც მაქვს საუბარი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი არ არის.
საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შრომატევადი. პროგრამული საკითხები უნდა დაიწეროს, შეჯერებაა საჭირო. თუ ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა გაერთიანებად, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობისთვის ხდება ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ საზოგადოებას დავანახოთ ალტერნატიული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა. რეალურად, არსებულ პარტიებს შორის განსხვავებული ხედვები არ არსებობს. განსაკუთრებით იმ პარტიებს შორის, რომლებიც მედიაში დომინირებენ და რომლებიც მეტ-ნაკლებად განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. დიდი განსხვავებაა ამ პარტიებს შორის ხედვებში, რაც ეხება ეკონომიკის პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას და ა.შ. არ არის, სამწუხაროდ.
გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ არ ვამბობთ, ვინ იქნება გაერთიანებაში, თუ ეს გაერთიანება შედგა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გახდება ცნობილი მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ ჩამოყალიებული და მიღებული. “ქართული ოცნების” ოპოზიცია იქნება ეს ერთობა რეალურად. თუ რა თქნა უნდა, მოხდა შეჯერება და ჩამოყალიბება, იქნება ძალიან კარგი და ერთ-ერთი ძლიერი ძალა საზოგადოების წინაშე, რომელიც არც რევანშიზმის სურვილით იქნება შეპყრობილი და არც ძალაუფლების მოპოვება იქნება მისი მთავარი მიზანი”, – უთხრა “მეტრონომს” ბექა ნაცვლიშვილმა.
მარიამ იმერლიშვილი

