სოციალური ქსელი “ფესიბუქი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ანგარიშების ქსელი, რომელიც , რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოიყენებოდა და მიზნად ისახავდა უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ ყალბი ნარატივის გავრცელებას, გააუქმა.
მათი ინფორმაციით, წაშლილია 78 ანგარიში, 11 გვერდი, 29 ჯგუფი „ფეისბუქში“ და ასევე ოთხი ანგარიში „ინსტაგრამში“.
„საქმიანობა მომდინარეობდა რუსეთიდან და ფოკუსირებული იყო ძირითადად უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც სააგენტო „როიტერთან“ „ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლაიშერი საუბრობს, წაშლილი გვერდებისა და ანგარიშების გამოყენებით ხდებოდა ყალბი ამბების გავრცელება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციული ბრალდებები, ეთნიკური დაძაბულობა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდება და სხვა.
„ფეისბუქში“ ასევე განაცხადეს, რომ წაშლილია ირანთან, მიანმართან და ვიეტნამთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდებიც.