შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული მ.მ., 1981 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული დ.მ., 1977 წელს დაბადებული ნ.შ. და 1990 წელს დაბადებული ბ.ჩ.
დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.
„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს”, – განაცხადა ჭელიძემ ბრიფინგზე.