“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას დაკავების საკითხს, “რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით “ქართული ოცნების” მხარდაჭერა თუ ოპონირება არის არა პოლიტიკური, არამედ წმინდა მორალურ-ზნეობრივი საკითხი.
“საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები და იმიტომ არ არიან, რომ პროკურატურა და უშიშროება არ არის დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით და სასამართლო ხელისუფლებაც მიკერძოებელი და დამოუკიდებელია. პროკურატურა და სასამართლო კი იმიტომაა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები კანონის მიხედვით მოქმედებენ და არ ემორჩილებიან ერთი ადამიანის ნება სურვილებს. ხოლო ის ერთი ადამიანი, რომლის ნება-სურვილებსაც არ ემორჩილებიან მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები, იმავდროულად არის ქვეყნის აღმშენებელი და ბრძენი ხელმძღვანელი
ჰოდა, რა მინდა ვიკითხო: რა შტერი და ტვინდახშულიც არ უნდა იყოს ნებისმიერი ქოცი, ხომ შეუძლებელია ყველაფერ ამის სერიოზულად ჯეროდეს? უფრო მეტიც, ხომ შეუძლებელია არ ესმოდეს, რომ ყველაფერი პირიქით არის?
შესაბამისად, მას ეს ამბები უბრალოდ არ აღელვებს და ან დიდი კაცის ნასუფრალიდან გადმოგდებული ძვალი უფრო ეძვირფასება, ან შესაძლოა ეს ძვალიც არა აქვს, მაგრამ ნასუფრალიდან ძვალის დათრევის პერსპექტივას ხედავს, იმ დიდ კაცს თუ ასიამოვნებს.
ანუ, სხვანაირად რომ ვთქვა, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ძალიან აშკარაა თუ რა ხელისუფლება მივიღეთ, საით მივდივართ და რა ქვეყანას ვაშენებთ, არსებითად შეუძლებელია წესიერი და ოდნავ ტვინგახსნილი ადამიანი იყოს ამ ხელისუფლების მხარდამჭერი.
რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მისულია იმ ზღვარამდე, როდესაც მისი მხარდაჭერა თუ ოპონირება არის არა პოლიტიკური, არამედ წმინდა მორალურ-ზნეობრივი საკითხი.
და ამ კონტექსტში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მიშა გინდა ბიძინას ნაცვლად, გრიშა, გიგიშა, მიხიჩა, პიპინ მოკლე თუ ნიკიფორე კისერმოქცეული. ეს შეიძლება არაა თავისთავად უმნიშვნელო თემა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უკვე სრულიად ელემენტარული პოლიტიკური ჰიგიენის საკითხია” – წერს რესპუბლიკური პარტიიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.