ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უახლოეს მომავალში დაიგეგმა სასულიერო პირების გაფართოებული შეხვედრა” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოების ნაწილთან მორიგი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტახტის მოსაყდრე, სენაკისა დ აჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა. შეხვედრას საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების უფროსი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

“სასულიერო პირებმა იმსჯელეს თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს და მოისმინეს მრავალი საინტერესო წინადადება, დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

აზარტული თამაშების საშიში ტენდენციები, გემბლინგის საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენა, პრობლემის დასაძლევად დღეისათვის ეკლესიის ჩართულობით მიღწეული კონკრეტული შედეგები და მომავალი აქტივობები;

მირქმის დღესასწაული და სვანეთში ლამპრობის ტრადიცია. სასულიერო პირებმა ასევე იმსჯელეს მიმდინარე წლის განმავლობაში ამათუიმ დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

სასულიერო პირებმა ისაუბრეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს შემოთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს სასულიერო პირების შეღავათიან ფასად მომსახურებას;

ასევე განიხილეს სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის წინადადება. სამსახური იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებსა და სასულიერო პირებს უფასო მომსახურებას სთავაზობს;

სასულიერო პირებმა იმსჯელეს ეკლესიის სოციალური აქტივობების შესახებ, მიმოიხილეს მიმდინარე საქმიანობა, უკვე განხორციელებული და არსებული პროექტები, ასევე დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა;

უახლოეს მომავალში დაიგეგმა სასულიერო პირების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება აქტუალურ საღვთისმსახურო საკითხებსა და პრობლემებს, სასულიერო პირები ასევე იმსჯელებენ თანამედროვე სამყაროს მიერ წამოჭრილ მრავალ საკითხზე, მათ შორის, ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....