ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსი ღამურიდან ადამიანზე, შესაძლოა პანგოლინმა გადაიტანა

მომაკვდინებელი ვირუსის „ნაკლული რგოლი“ ადამიანსა და ღამურას შორის შესაძლოა, განადგურების პირას მისული პანგოლინი იყოს. ამის შესახებ, ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომლებიც კორონავირუსის ცხოველურ წარმოშობას იკვლევენ.

როგორც უკვე დადგინდა, კორონავირუსის თითქმის ყველა შტამი ადამიანებში ველური ბუნებიდან მოხვდა, ეპიდემიის გავრცელების წყარო ის ცხოველებია, რომლებიც უხანის გარეულ ცხოველთა ბაზრობაზე იყიდებოდა.

ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსის შტამს ღამურები ატარებენ დადასტურებულია, თუმცა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ღამურებში წარმოქმნილ ვირუსებს არ აქვთ ადამიანის უჯრედის რეცეპტორებში შეღწევისთვის საჭირო აგებულება.

საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მკვლევარი, არნო ფონტანი დარწმუნებულია, რომ დაავადების გადამტანი, შუამავალი ძუძუმწოვარი იყო, სავარაუდოდ მაჩვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.

საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა, თითოეული იმ სახეობის შემოწმება, რომელიც უხანის ბაზრობაზე იყიდებოდა. ეს კი თითქმის შეუძლებელია, რადგან ბაზრობა ამჟამად უკვე დახურულია.

როგორც მკვლევარი არნო ფონტანი აცხადებს, ჩინეთს სჭირდება რადიკალური ზომები ბაზრობებზე გარეულ ცხოველთა ხორცით ვაჭრობის წინააღმდეგ და მისი რჩევაა, შეიქმნას იმ ცხოველების შავი სია, რომლებისგანაც შესაძლებელია ადამიანებს მომაკვდინებელი ვირუსები გადაედოთ.

იტვირთბა....