არასამთავრობო ორგანიზაცია „იემსის“ წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ადვოკატებმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია, ლოზუნგით – “არა მარიონეტებს” გამართეს.
აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორობის კანდიდატად ყოფილი გენპროკურორის შერჩევას აპროტესტებენ.
„ირაკლი შოთაძე მიუღებელია, რადგან ის გამოირჩეოდა აღმასრულებელი ხელისუფლების დავალებების უტყვ შემსრულებლად. ის იყო სწორედ პასუხისმგებელი ხორავას ქუჩაზე მოკლული საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებულ დარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე, ასევე ლაშა თორდიას ცემის ფაქტი. ამ საქმის გამოძიება იყო ჩიხში შესული სწორედ ირაკლი შოთაძის პროკურორობის დროს, როდესაც ის გადადგა, მაშინ წაუყენეს ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საპროკურორო საბჭომ ჩაატარა კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვითაც, პარლამენტს გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარედგინება.
კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო. 11-მა მათგანმა მხარი შოთაძეს დაუჭირა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი