ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია კონსტრუქციულად არის განწყობილი.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა მიუღებელია, რადგან დღევანდელი საარჩევნო სისტემის არსს არ ცვლის.
„ვფიქრობ, ჩვენი წინადადება არის ძალიან კონსტრუქციული და თუ ხელისუფლებას მართლა გონიერება შერჩენია, უნდა წამოვიდეს ამ კომპრომისზე. მით უფრო, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არისო, ოღონდ ამ კრიზისს გადაყვა მისი თანამდებობა და ეტყობა, დღესაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია თავი, ჩემთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, სრულიად ერთმნიშვნელოვანია განცხადებები, რომლებიც გაკეთდა პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ. დიახ, ეს არის მოწოდება, რომ კომპრომისი იქნეს მოძებნილი და რომ, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან საერთო ენა იპოვოს. მზად ვართ, ვიპოვოთ მისაღები ვარიანტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები მოვიპოვოთ“, – განაცცადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ეს მარტივი გზა არ არის.
„რაც შეეხება საერთო კანდიდატებს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ოპოზიცია შეინარჩუნებს ამ ერთობას და ოპოზიციური ერთობა ნამდვილად მიაღწევს იმას, რომ ერთმმართველად ვეღარ დარჩება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და უზურპირება არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ექნება.
ამ ეტაპზე, ვინაიდან ძალიან აქტუალურია მეხუთე რაუნდის თემა, აქცენტს სწორედ მოლაპარაკებებზე გავაკეთებდი. მით უმეტეს, დღეს პირველად მოვისმინე მდინარაძის კომენტარი, რომ ისინი მზად არიან ოპოზიციის გონივრული წინადადებები მოისმინონ, ჩვენ ვთვლით, რომ გონივრული წინადადებები გვაქვს და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოლაპარაკებების რაუნდი დამთავრდეს წარმატებულად.
განიხილება ერთიანი კანდიდატების მხარდაჭერის საკითხი. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ თუ ეს დარჩება ერთადერთ გზად, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხოს ხელისუფლების უზურპაცია, ამისთვის ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ ხელისუფლება გონს მოვა, პირველ ეტაპზე ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციას. მოვუწოდებ ხელისუფლებას იყოს ადეკვატური და გონივრულ კომპრომისებზე გამოსავალი ვეძებოთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.