ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინმე ელოდა სხვა შედეგს?!” – გოცირიძე შოთაძის კანდიდატურის შერჩევაზე

“ვინმე ელოდა სხვა შედეგს?!” – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საპროკურორო საბჭოს მიერ ქვეყნის გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევას.

როგორც “მეტრონომს” გოცირიძემ უთხრა, საპროკურორო საბჭომ ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის დავალება შეასრულა.

“ეს ყველაფერი ხომ დადგმული თეატრალური სცენარი იყო. საპროკურორო საბჭო ისეთივე უღირსი ორგანოა, როგორიც იუსტიციის საბჭო, რომელიც ასრულებს ერთი ადამიანისა და ერთი პარტიის დავალებებს. მოვა დრო და კინწისკვრით გაყრიან როგორც ერთი, ისე მეორე სტრუქტურიდან ყველას. გაითამაშეს შერჩევის პრინციპი, ვითომ 15 კაცი მონაწილეობდა, მერე ვითომ 4 შეარჩიეს. რა რჯიდა ამ ადამიანებს, რა ინტერესები ჰქონდათ, რომ არჩევითობის ილუზიას ქმნიდნენ. როგორც ჩანს, ისინიც ელოდებიან, რომ რაღაც სიკეთეს გამოკრავენ ხელს, ვინაიდან ანტურაჟი შეუქმნეს შოთაძეს.

როგორც იუსტიციის საბჭო, ისე საპროკურორო საბჭო ემსახურება ერთ ადამიანს და ისინიც არიან დამნაშავეები იმ პროცესებში, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. დამნაშავეები არიან იმაში, რომ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა უზურპირებულია არაფორმალური მმართველის მიერ”, – უთხრა “მეტრონომს” რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საპროკურორო საბჭომ ჩაატარა კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვითაც, პარლამენტს გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარედგინება.

კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო. 11-მა მათგანმა მხარი შოთაძეს დაუჭირა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....