საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს და საორგანიზაციო საკითხებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯელობის ერთ-ერთი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.
„საორგანიზაციო საკითხები იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. საუბარი იქნება წინასაარჩევნო პერიოდზე, კონკრეტულ თემებზე. საარჩევნო სისტემაც იქნება ერთ-ერთი თემა, ე.წ. მეხუთე რაუნდის წინ უმრავლესობის საერთო აზრი უნდა ვიცოდეთ. ასევე იქნება საუბარი საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ კანონპროექტებზე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, უმრავლესობის შეხვედრის თემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების გადახედვა და ახალი წინადადების მომზადება არ არის.
„უმრავლესობის სხდომის მთავარი თემა ნამდვილად არ არის საარჩევნო თემატიკაზე რაღაცის გადახედვა და ახალის შეთავაზება. ეს არავის უთხრათ და თქვენით არ დაასკვნათ. სხდომის თემა რაღაცის გადახედვა არ იქნება, შეთავაზება გვაქვს, გარკვეული კომპრომისი მივიღეთ, გუნდის შიდა კონსესუსია. თუ ოპოზიცია ახალს იტყვის, კიდევ შევიკრიბებით. მაჟორიტარების საკითხია განსახილველი, რის გაკეთებას აპირებენ“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ხდომა პროტესტის ფონზე ჩაივლის, რადგან ოპოზიცია პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის გაკეთებას აანონსებს.