ახალი ამბები მთავარი

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია იმართება

საქართველოს მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც კიევის, ერევნის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებში 2019 წელს ჩაირიცხნენ, საქართველოს უნივერსიტეტში მობილობით გამოსვლა უგამოცდოდ სურთ. სორედ ამიტომ განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სტუდენტების ნაწილს განათლების სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი.

„სახელმწიფომ დაგვიწესა ბარიერი, გამოცდა, გვითხრეს, რომ ეს გამოცდა იქნება ისეთი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებაზეა, მაგრამ ეს არის სამაგისტრო გამოცდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები უპრობლემოდ გადმოდიან და აბარებენ ნებისმიერ უნივერისტეტში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ჩავალაგოთ ჩემოდნები და წავიდეთ სხვა ქვეყანაში“, – აცხადებს კიევის სამართლის, ეკონომიკისა და ტურიზმის უნივერსიტეტის სტუდენტი მარი ფირალიშვილი.

ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტებს გამოცდის ჩანაცვლებაც შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს.

„აღნიშნულ პირებთან შედგა სამინისტროში შეხვედრები იანვარში. მათ შეხვდა მინისტრის მოადგილე ნინი მიცკევიჩიც. საგულისხმოა, რომ ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ვინც მოიპოვებდა სწავლის უფლებას უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, უნარების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. მათ მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება, ანუ დაადასტურეს იქაური კანონმდებლობა და ჩაირიცხნენ. ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაკმაყოფილებული. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ოთხი საგნის ჩაბარება. ამ პირებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და უნდათ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლა, უწევთ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება“, – აცხადებს ეკა რურუა.

იტვირთბა....