ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სენატორების წერილში ყველაფერია მითითებული, თუ ვერ გაიგებენ, აქვთ სხვადასხვა ბერკეტი, რომ გააგებინონ გაუგებრებს” – ჭიჭინაძე

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” საუბრისას ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილსა და აღნიშნულ წერილზე მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან გამოგზავნილ წერილში “ყველაფერია მითითებული”, რაც “გამგებმა უნდა გაიგოს”, “თუ ვერ გაიგებენ”, აშშ სხვადასხვა ბერკეტს გამოიყენებს.

“ქართული ოცნება” ასეთი დინამიკით თუ გააგრძელებს, ხვალ შეიძლება ტრამპმა გააკეთოს განცხადება და მათ თქვან, რომ ტრამპი ერთი კაცია. მთელი ამერიკა – 350 მილიონი ადამიანი ვერ დადგება და საქართველოს ლანძღვას ვერ დაიწყებს. ვისაც კი, ამ ქვეყანასთან შეხება აქვს, ის ადამიანები შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, პრაქტიკულად ეს საგარეო კურსში შეშფოთებას ნიშნავს. მის განცხადებაში ყველაფერია მითითებული, რაც გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, მათ აქვთ სხვადასხვა ბერკეტი, რომ გააგებინონ გაუგებრებს.

აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, აისახება ეს ყველაფერი. თუ ქვეყანაში მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” ექნება, ჩვენ გამოვჩნდებით უმადურ ადამიანებად და ნაბიჯებიც შესაბამისი იქნება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. თუ ჩვენ ამდენი ხანი ვპარტნიორობდით და ვირჩევდით ისეთ მთავრობას, რომელიც დასავლეთისკენ მიისწრაფვოდა, რა თქმა უნდა, ისინი ამას მხარს უჭერდნენ და გვეხმარებოდნენ სხვადასხვა ინსტიტუტის განვითარებაში, მაგრამ თუ დღეს “ქართული ოცნება” შეეცდება ხელისუფლებაში დარჩეს სხვადასხვა მეთოდით და ჩვენ არ გვექნება შესაბამისი რეაგირება და ჩავთვლით, რომ ეს ასე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაშინ დასავლეთი თვალს დახუჭავს და დაგვემშვიდობებიან მანამ, სანამ ამ ქვეყანაში შესაბამის არჩევანს არ გავაკეთებთ. მე ვფიქრობ, ჩვენი გადასაწყვეტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვება. დასავლეთი უბრალოდ დაგვეხმარება ამაში, რომ არ გააყალბებინოს და დაიცვას ხალხის ინტერესები, მაგრამ თუ ჩვენ ავირჩევთ “ქართულ ოცნებას”, მაშინ გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვართ უკეთესის ღირსი”, – უთხრა “მეტრონომს” დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, კონგრესმენების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამჯერად, წერილი სენატორებისგან მიიღო.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....