ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კონგრესმენების შემდეგ, გახარიამ ამჯერად წერილი სენატორებისგან მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ამჯერად წერილი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშიმ და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინიმ მისწერეს.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

როგორც სენატის წევრებმა წერილში მიუთითებს, საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.

„გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის 29 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ როგორ იდგამდა დემოკრატია ფესვებს, იზრდებოდა ეკონომიკა, ვითარდებოდა სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა მმართველობა. საქართველოს ვალდებულება ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემასა და კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენს რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენდა. ჩვენ ორივე ვაკვირდებოდით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, თუ როგორ გაითავისა საქართველომ დემოკრატიის ძირითადი პრინციპები. ათწლეულების განმავლობაში აშშ ისწრაფვოდა საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად.

თუმცა, ჩვენში მზარდ შეშფოთებას იწვევს ბოლო მოვლენები, რომლებიც მიუთითებს ქართული დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებაზე. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ვალდებულების შეუსრულებლობა და მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი ჩახშობაა. ჩვენ გვესმის, რომ დაპირებულ საარჩევნო რეფორმას უნდა მიეცა ქართველი ამომრჩევლებისთვის პროპორციული წარმომადგენლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა არ ყოფილიყო ზედმეტად ხელსაყრელი რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისადმი. თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, თავიდან აიცილოს ეს ცვლილება, მიუთითებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებებისგან დაშორებაზე. მეტიც, ამის შემდგომ დაწყებული მასობრივი, თუმცა ჯერჯერობით მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები არის ამ წარუმატებლობის გამო უკმაყოფილების აშკარა ნიშანი. მთავრობის მიერ ამ დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებებისა და მოქალაქეების დაცვის მთავრობის ვალდებულების დარღვევაა.

ამას გარდა, ბოლო დროს ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მეთოდებით, არის საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მორიგი მტკიცებულება. შემაშფოთებელია ცნობები ოპოზიციის ლიდერების ფიზიკური შეურაცხყოფისა და შევიწროების შესახებ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ, ისევე, როგორც ოპოზიციონერების წინააღდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების განახლება. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ისაუბრონ თავისუფლად და საქარველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ამ თავისუფლების შეზღუდვის იარაღი.

და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მათი კვალიფიკაციის სრულად შეფასებამდე, როგორც ეს აღნიშნულია ეუთო-ს 2020 წლის იანვრის ანგარიშში. უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში პოლიტიკური მოკავშირეების მოწყობა, მტკიცე მანდატის მქონე მიუკერძოებელი მოსამართლეების ნაცვლად, ძირს უთხრის იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებმაც საქართველო რეგიონის შესაშურ ქვეყნად აქციეს. ბატონი ივანიშვილის ბოლო განცხადება, რომ საპროტესტო აქციის უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, კიდევ ერთი შემაშფოთებელი მოვლენაა. ვიმედოვნებთ, ეს არ არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს მთავრობას სურს, ბოროტად გამოიყენოს სასამართლოები და პოლიცია პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ წლების განმავლობაში საქართველოსთან აშშ-ის პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერები ვიყავით და კვლავ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი. თუმცა, ეს მოვლენები გვაფიქრებს და კითხვებს აჩენს ჩვენს საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმებში პროგრესის ნაკლებობა და საქართველოში დაძაბულობის ზდა მხოლოდ გაუხსნის კარს ქვეყანასა და მთელ რეგიონში რუსეთის ჩარევის გაძლიერებას. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, მით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შესაძლოა, იძულებულები გავხდეთ, გადავაფასოთ ჩვენი პარტნიორობა.

დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ მივისწრაფვით თქვენი ქვეყნის დახმარებისკენ. თუმცა, ჩვენ მოტივირებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებას მხოლოდ მანამ, ვიდრე შეგვეძლება, გვქონდეს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იმუშავებთ სწრაფად, რათა ეს უკუსვლა შეცვალოთ და ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირება შეასრულოთ“, – ნათქვამია ორი სენატორის წერილში, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გახარიას წერილი კონგრესმენებმა მიწერეს, რამაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

იტვირთბა....