ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დელეგაციის არშემოშვება საქართველოს იმიჯს ევროპაში მიაყენებს ზიანს” – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, “დელეგაციის არშემოშვება და აკრძალვა შემოშვების საქართველოს იმიჯს და საქართველოს პიარს ევროპაში მიაყენებს ზიანს”.

“ეს არის ის, რა საშიშროებაც არის და რატომაც ეწყობა პროვოკაცია. შესაბამისად, მე იურიდიული დეტალი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, უნდა ავიცილოთ ეს პროვოკაცია, მეორე მხრივ, როგორც ევროპელებს, რომელსაც ვუკეთებთ ამ დათმობას, ვაჩვენოთ, რამდენად ანგარიშს ვუწევთ მათ გადაწყვეტილებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ასევე ევროპულ არხებს, რომელიც გადაიღებს იმ დღებში თბილისს, ნათლად ვაჩვენოთ, რამდენად მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გამტარებელი პიროვნებები. ეს არის მიზანი. მე მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ისევე, როგორც გავრილოვის თემაზე, გამოხატავს თავის პროტესტსა და უკმაყოფილებას, ამას უნდა აკეთებდეს ისე, როგორც გამოჩნდეს ევროპის ტელეეკრანებზე ძალიან პრინციპულად, ორგანიზებულად და ძალიან ნათელი მესიჯით. ამოვიდეთ არა ურა-პატრიოტული განცხადებებიდან, არამედ ამოვიდეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს სახელმწიფო ინტერესი არის, არ წამოვეგოთ რუსულ პროვოკაციას; ვაჩვენოთ ევროპელებს, რომ მათ ვუწევთ ანგარიშს და ვაჩვენოთ ევროპას, რამდენად მიუღებელია ჩვენთვის რუსული ოკუპაცია”, – უთხრა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარ არხს”.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთის დელეგაციის საქართველოში მიღებასთან დაკავშირებული განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.

იტვირთბა....