მერია მთავარი

კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონში მდებარე კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება.

„კაიროს დასახლებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად იქნება მოწესრიგებული. დღემდე აქ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობდა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებდა. აღნიშნული სამუშაოები კონკრეტულ ჩიხებში უკვე დასრულებულია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო – არ არსებობდა არც წყალარინების ქსელი, არც წყალი და ასფალტი. მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება, უბანი კი მჭიდროდ დასახლებულია. ეს ჩვენი დაპირება იყო, რომელსაც ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

იტვირთბა....