ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კიდევ ერთი საფუძველი, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს” – ადვოკატი მაჩალიკაშვილის საქმეზე

მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “მეტრონომთან საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ თბილისის პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით,  აღნიშნული საქმე შიდაეროვნულ დონეზე დასრულდა, თუმცა, დაირღვა ევროკონვენციის მეცამეტე მუხლი, რაც საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელების საფუძველს იძლევა.

“რა თქმა უნდა, ვემიჯნებით პროკურატურის განცხადებას. ძალიან სუბიექტური იყო პროკურატურის მხრიდან გარკვეულ დეტალებზე საუბარი – კონკრეტული ადამიანის აზრები იყო.

არაფერი გაუკეთებია პროკურატურას საერთოდ ტელეფონთან მიმართებაში. ტელეფონი საერთოდ არ იყო ბოლოს რაც მე ვნახე თბილისის პროკურატურის საქმეში. ტელეფონი ამოღებული და გამქრალი იყო. არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა – არც დაქტილოსკოპიური, არც სისხლის კვალი. საერთოდ, ტელეფონი, როგორც ნივთმტკიცება არ არის.

განცხადებაში პრინციპში ახალი არაფერი ყოფილა. სურვილი გვაქვს, რომ ჩამოვიდეს თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც – მოდიოდა, მაგრამ ამ წუთებში სასწრაფო- სამედიცინო დახმარება იმყოფება პანკისში, მათ სახლში. მედიკო მარგოშვილი გახდა ძალიან ცუდად, დაკარგა გონი ამბის გაგების შემდეგ. მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. თუ შეძლებს, ჩამოვა და ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველა დეტალზე ბრიფინგი ხვალ, 11:00 საათზე.

გამოძიება რომ შეწყდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურორმა თავის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში დაწერა და მიიღო გადწყვეტილება, რომ აღნიშნულ საქმეზე არანაირი დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და მტკიცებულებათა ერთობლიობა ვარაუდის სტანდარტსაც კი არ ქმნის. დაეყრდნო ცალმხრივად, მხოლოდ კონკრეტული სპეცრაზმელის ჩვენებას. სპეცრაზმელის გარდა, სხვა არავინაა მოწმე და თვითმხილველი. ისარგებლეს იმ მდგომარეობით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არის გარდაცვლილი – ის მოწმე, ბუნებრივია, ვეღარ იქნება. ის იყო ერთადერთი თვითმხილველი. დაეყრდნენ იმ მოწმის ჩვენებას, რომელსაც პირდად ეხებოდა და რომლის მიმართაც დაინტერესება ჰქონდათ. ანუ ეს მოწმე იყო სუბიექტური საკუთარი მომატებული საფრთხიდან გამომდინარე. მისი ჩვენება რატომ უნდა იყოს სარწმუნო? ამ ადამიანს ინტერესი ჰქონდა, რომ საქმე დასრულებულიყო მის სასარგებლოდ. თემირლან მაჩალიკაშვილის სასარგებლო განცხადებას ხომ არ გააკეთებდა.

შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ვინაიდან მხარე არ ვიყავით, დაზარებულის სტატუსიც არ გვქონია, ამის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს, თუმცაღა ცალსახად დარღვეულია ევროპული კონვენციის მეცამეტე მუხლი  – ის, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს დაერღვა დაცვის უფლება.

მხოლოდ ორი კვირის წინ გაგვაცნეს ჩვენებები. მაშინ მე განვაცხადე, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. სპეცრაზმელის ჩვენების აღდგენა მინდოდა რომ გაკეთებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მოაყოლეს. ბევრ ნაწილში მხარე არ ვიყავით, გასაჩივრების უფლება არ გვქონდა, დამოუკიდებლად გამოძიების წარმოების უფლება არ გვქონდა, გამოკითხვის უფლება არ გვქონდა, მტკიცებულებების მოპოვების უფლება არ გვქონდა და სირაქლემის პოზიციაში ვიყავით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ბუნებრივია, ესენი რომ საქმეს შეწყვეტდნენ, ვუთხარი ოჯახს, რომ არ გაგიკვირდეთ ეს ამბავი იმიტომ, რომ აქ პოლიტიკური ნება ისეთია, რომ გამორიცხულია, რომ ვინმე დაისაჯოს-მეთქი.

ეს საქმე შიდაეროვნულ დონეზე დასრულდა, მაგრამ ეს კიდევ ერთი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართოთ ზუსტად ამ ნაწილში, თუ როგორ დაირღვა ეფექტური დაცვის უფლება.

საქმე ხელოვნურად გაჭიანურდა. თუ არაფერს აპირებდნენ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა დახურულიყო საქმე. ეს დრო ხელოვნურად გაჭიანურდა. ყოველი დღე ძალიან ძვირფასი იყო ოჯახისთვის. თავისუფლად შეეძლოთ, რომ ზუსტად იგივე გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიეღოთ”, – უთხრა “მეტრონომს” მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....