საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.
მინისტრის თქმითვე, ჩინეთთან ფრენები აიკრძალება.
„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმადე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ უხანი სწორედ ის ქალაქია, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ჩინეთის ქალაქ უხანში მყოფი ამერიკის 230-მდე მოქალაქის ევაკუაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ევაკუირებულთა შორის იქნებიან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებიც.
ისინი კორონავირუსის გავრცელების გამო, კარანტინში მოქცეულ ქალაქს, ჩარტერული რეისით დატოვებენ. თვითმფრინავი კალიფორნიაში დაეშვება, სადაც მგზავრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
ჩინეთის ხელისუფლებისგან ევაკუაციის ნებართვას ელოდება ინდოეთიც. უხანში ინდოეთის 250-მდე მოქალაქე იმყოფება. დელიში აცხადებენ, რომ მუმბაის აეროპორტში მზადყოფნაშია 423 ადამიანზე გათვლილი ბოინგი.
კორონავირუსით ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში, ჰონგ კონგში.
BBC-ის ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ვირუსს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.