პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს როგორ შეცვალონ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შსს და სუს-ი მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება.
„პირველივე კონსულტაციებზე ჩანდა, რომ ყველას ცალსახად ჰქონდა ერთი პოზიცია – საბჭოთა მართლმსაჯულება და ძალოვანი სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, რომელიც არის ფუნდამენტური პრობლემა ქვეყნისთვის და რომლის შეცვლის გარეშეც არაფერზე საუბარს აზრი არა აქვს, ეს სისტემა არის შესაცვლელი. ამ ინდივიდუალურმა საუბრებმა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან მიგვიყვნა იქამდე, რომ დღეს გვქონდა დაორგანიზებული პირველი შეხვედრა ჩვენთან, სადაც ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ წარმართოთ სამუშაო პროცესი. ძირითადი საუბარი არის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორ წარიმართოს სამუშაო პროცესი.
„არ ყოფილა ფაქტობრივად საკითხი, რაზეც მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პარტიები მონაწილეობდნენ, კონსენსუსი ვერ შედგა. ყველაფერზე ვილაპარაკეთ, საბოლოოდ იმაზე, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას. შემდეგი შეხვედრა გაიმართება პარასკევს, სავარაუდოდ ისევ 19:00 საათზე. ისევ გვექნება ფეისბუქლაივი და დავიწყებთ სასამართლო სისტემის განხილვას“, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ინიციატივით, დღეს პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ დასწრებიან, რასაც ტექნიკური პრობლემით ხსნიან.