“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დასასრული არის მოახლოებული. ეს იცის ძალიან კარგად და ამიტომ არის შეყუჟული, კარებს მაგრად რაზავს და ამ პოლიციელებს, რომლებიც ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ, იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მათ შორის… კანონს არღვევენ ისინი, როდესაც უარს მეუბნებიან თბილისის საკრებულოს შენობაში შეშვებაზე”
სალომე სამადაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადება სამადაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
სამადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვს.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და რამდენიმე დღის წინ, საკრებულოში მომხდარ ინციდენტს – ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.
პარასკევს, 24 იანვარს დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.