თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
“ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია “ცენტრ პოინტის” პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა, ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა. ეს არ არის პირველი შეხვედრა, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ , სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე ეხება უშუალოდ მშენებლობის წარმოებას, რაც ნულიდან არის ყველაფერი დასაწყები. თბილისის მერია მუშაობს ორივე მიმართულებით, რაც გამოიხატება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებაში და იმ ინვესტორების მხარდაჭერაში, ვინც დაინტერესდება აღნიშნული პროექტებით. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და გვაქვს გარკვეული შედეგები, თუმცა პროცესი გრძელდება,”-განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა კარკასისა და ქვაბულის (კატლავანის) მდგომარეობაში არსებული სამი ობიექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. კერძოდ, განიხილეს თაბუკაშვილის N7-9, მარშალ გელოვანის N4ა და გურამიშვილის N64-ში არსებული დაუსრულებელი ობიექტები. საუბარია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 387 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებაზე. ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მერია დეტალურ მოლაპარაკებებზე გადავა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესსა და მზადყოფნას გამოხატავენ.
„დღევანდელი შეხვედრა ხუთი ასაშენებელი ობიექტიდან სამ ობიექტს ეხებოდა. ორ ობიექტზე უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვყავს ინვესტორები, ხოლო სამი ობიექტის დასასრულებლად ინვესტორები გამოკვეთილი არ იყო. დღეს შევხვდით სამშენებლო კომპანიების იმ ნაწილს, რომლებსაც შეუძლიათ, ამ მასშტაბების პროექტების განხორციელება და მათ აღნიშნულ სამ ობიექტთან დაკავშირებით, ძირითადი ინფორმაციები წარვუდგინეთ. ახლა ველოდებით მათ გამოხმაურებას“,- განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.