ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხით დაინტერესდება.
მეუფემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
“აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში. მე არა ვარ არასამთავრობო ორგანოს წარმომადგენელი, არც დამოუკიდებელი ექსპერტი, მე თვითონ ამ ინსტიტუციის წარმომადგენელი ვარ ეკლესიისა და ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ასეთი დაპირისპირების ფორმატში საუბარი არ იქნებოდა სწორი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ მოსწონთ და შეიძლება მეც ასევე რაღაც არ მომწონდეს. მე ვეცდები, კონკრეტულად ამ საკითხით დავინტერესდე და გავარკვიო“, – უთხრა მედიას მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.