“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისთვის შევამოწმეთ შვიდი მგზავრი, ტემპერატურის მატება არც ერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ მედიკოსმა, ნანა დემურიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, მედიკოსთან ჯგუფმა, რომელიც დისტანციური თერმომეტრის საშუალებით ჩამოფრენილ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკრინინგს უტარებს, შემოწმება გუშინ დაიწყო. მისივე თქმით, ამოწმებენ მგზავრებს, ვისაც ჩინეთი აქვს გამოვლილი, ან რაიმე შეხება თუ ჰქონდა კორონავირუსთან.
მედიკოსის თქმით, დღეს ჩინეთიდან ხუთ მგზავრს ელოდებიან.
„კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. საფრანგეთის რეისი არ ყოფილა. დღეს ველოდებით კერძოდ ჩინეთიდან, როგორც მითხრეს ხუთ მგზავრს. პირველ რიგში ჩვენ ვზომავთ ტემპერატურას, ვეკითხებით, თუ ჰქონდათ შეხება ჩინეთთან. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები გვაქვს ყველა ენაზე.
ამ დროისთვის შევამოწმეთ შვიდი მგზავრი, არც ერთთან არ დაფიქსირებულა ტემპერატურის მატება. სიმპტომები არის ხველება, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. დღესდღეობით ამ სიმპტომებით უნდა შევამოწმოთ მგზავრები. თუ მგზავრს დაუდგინდა აღნიშნული სიმპტომები, გადაგვყავს ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც უკვე მასშტაბური კვლევა ჩაუტარდება და შესაბამისი მკურნალობა“,- აცხადებს ნანა დემურია მედიკოსი.