ქუთაისში, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ, პარტიის ოფისის გახსნისას განცხადება გააკეთა.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ისინი პარტიაში იმის გამო არ გაერთიანებულან, რომ ერთი კონკრეტული პარტია დაამარცხონ, რადგან ეს პარტია უკვე დამარცხებულია.
„მშობლიურ ქალაქში „ლელოს“ წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ჩემთვის, ზოგადად, ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ეს პირველი ოფისია, რომელიც იხსნება, მიუთითებს იმაზე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩენთვის ქუთაისს, ქუთაისელებს და ზოგადად იმერეთს. მთავარია, რომ ჩვენ მოსახლეობას, იმერლებს, ქუთაისელებს ვუთხრათ ერთი რამ, რომ ეს არ არის მორიგი პარტია, რომელიც ხსნის ოფისს და აპირებს, რომ ისეთი დაპირებები ჩამოარიგოს, რომელსაც მერე აღარ შეასრულებს. ჩვენ გვინდა ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ, ახალი იმედი მივცეთ მოსახლეობას და ისეთი დაპირებები გავახმოვანოთ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ არჩევნებზე ხმები მოვიპოვოთ, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები, რადგან ჩვენი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, გრძელვადიანი გეგმები და თავდადება. ჩვენ ამ თავდადებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, პარტიის გაერთიანება შედგა იმიტომ, რომ ქვეყანა სიღარიბიდან და უიმედობიდან გამოიყვანონ და უკეთესი პერსპექტივა შეუქმნან.
„ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სიღარიბე, უიმედობა, სასოწარკვეთილებაა და ეს მოწინააღმდეგე უნდა დავამარცხოთ ერთად. ჩვენ ამ პარტიაში იმის გამო არ გავერთიანდით, რომ ერთი კონკრეტული პარტია დავამარცხოთ, ის ისედაც დამარცხებულია, იმიტომ რომ მისი საქმიანობა წარუმატებელი და დამარცხებულია. ჩვენი გაერთიანება შედგა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ და ქვეყანას პერსპექტივა შევუქმნათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.