“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, გუშინ კიდევ ერთხელ გამოგზავნილ წერილებს, რომელიც ამერიკელმა კონგრსმენებმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოუგზავნეს, ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ამოცანა არ არის, რომ ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს, მაგრამ თუ ის ასე გააგრძელებს, ეს ნამდვილად მოხდება.
„არანაირი აზრი არ აქვს, ამჯერად როგორ სისულელეს მოიფიქრებენ პასუხად – მოსყიდულები არიან, ინფორმაცია არ აქვთ, ერთ კონკრეტულ ბიზნესთან არიან დაკავშირებული – ეს ხომ არაფერს აცვლის. არსი ამ ვითარების მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნის, შეერთებული შტატების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკური კლასი, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც საქართველო აინტერესებს, კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ყველა ეს ადამიანი, ვინც საქართველოს მეგობრია, ვინც ცოტა ხნის წინ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატორი იყო, რომელსაც მთავრობა ზეიმით აღნიშნავდა და ჩვენ, აი, რას მივაღწიეთ და ეს რა კარგი ხალხია, მაგალითად კირზინგერი და ბატონი კონერი, ყველა ეს ადამიანი არის უაღრესად შეწუხებული მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამო. იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში და კერძოდ, ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ეს ქვეყანა, რამაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ინტერესები, და მათი აზრით, ამერიკის ინტერესები. ამ ტალღას ვხედავთ ჩვენ, რომელიც გრძელდება. რომელ წერილში რა ტერმინი იქნება გამოყენებული, ესეც არ ცვლის ბევრს არაფერს. მთავარია ეს ტალღა, რომელიც ნიშნავს საერთაშორისო იზოლაციას ივანიშვილისთვის და თუ ის გააგრძელებს დღევანდელ კურსს, ძალადობის, რეპრესიების და არ წავა იმ ნაბიჯზე, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა და ქართველ ხალხს მისცეს ის, რასაც დაპირდა „გავრილოვის ღამეს“ დაღვრილი სისხლის შემდეგ, მაშინ ეს ყველაფერი გაღრმავდება. მე არ მიყვარს პროგნოზები, როდის მიაღწევს ეს კრიტიკულ ზღვარს, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს, მაგრამ თუ ის ასე გააგრძელებს, ეს ნამდვილად მოხდება – აქ დაკარგავს ძალაუფლებას იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება და უკვე შემდგომ ექნება პრობლემები ყველგან, თავისუფალ სამყაროში და უმძიმესი პრობლემები, ამის მაგალითები ბევრია გარშემო”, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა.