aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

4 ლურსმანი კონგრესიდან “ოცნების” პოლიტიკურ კუბოს ნელ-ნელა ეჭედება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საშინელი 90-იანი წლები გამოვიარე, მაგრამ შიშის განცდა, რომელიც ახლა მაქვს, არასოდეს მქონია. იმ დღეს, ჩვენი ოფისი წინ, შუა რუსთაველზე, 20 წლის ბიჭი, რომელიც სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობდა, ჩვეულებრივად შეკამათდა ახალგაზრდებთან. მარკეტიდან გამოსულს გარეთ დახვდნენ, თავში ჩაარტყეს და მოგვიანებით, საავადმყოფოში დაიღუპა. ახლახან, მეგობარმა მომიყვა, ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ვიღაც ბიჭმა მას მხარი გაკრა, მერე უაზროდ შეეკამათა, ხელი გაარტყა და დაასისხლიანა. დღე არ გავა რამე მსგავსი არ გავიგო. დღის ყველა სიახლე ჩემთან იყრის თავს და განცდა მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები დაუცველები გახდნენ. რუსთაველის გამზირზე როცა ახალგაზრდას ცემით კლავენ სადაა პოლიცია? სად პატრულირებს? არადა, საუბარია ტურისტულ ზონაზე, ქალაქის ცენტრში თავდასხმებს თუ ვერ ხედავს პატრული, აბა რა არის მისი მოვალეობა?

ეს უბრალოდ შესავალია. თუმცა, ჩემი ბლოგის თემა სულ სხვაა. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს და აკონტროლოს მსგავსი დეტალები.

90-იანი წლები ვახსენე და ზვიად გამსახურდია გამახსენდა. მას ჰქონდა პოლიტიკური შეცდომები. თუმცა, ის ისტორიისთვის პოზიტიური პერსონაა და ასეც დარჩება. როცა მე 12 წლის ბიჭი კომუნისტურ სკოლაში ჯართს მაგროვებინებდნენ, დისიდენტი გამსახურდია, მერაბ კოსტავასთან ერთად, ციხეში ქვეყნის თავისუფლებისთვის იჯდა. მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ სურათი შეიცვალა. კარგად მახსოვს დასავლეთის ნარატივი, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი „დინების საწინააღმდეგოდ“ მოქმედებდა. დღევანდელი სიტუაცია გამახსენდა. 4 კონგრესმენის მიერ მოწერილ წერილსაც „ოცნება“ ვერ აღიქვამს სერიოზულად. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ რამდენიმე კონგრესმენის კრიტიკა, არ ნიშნავს „თეთრი სახლის“ გზავნილს.

ტრამპის ადმინისტრაცია თუკი მსგავს განცხადებას გააკეთებს, ეს უკვე მართლა ბოლო წერტილი იქნება ივანიშვილის ხელისუფლებისათვის, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვაა.

90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიასა და დასავლეთთან შორის ურთიერთობის გაფუჭება სარფიანად გამოიყენა მაშინ რუსეთმა. ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა კრემლს ეხერხება. მაშინდელი სამოქალაქო ომის ინიციატორების ლუსტრირება ისტორიამ უკვე მოახდინა. ფაქტია, რომ პარლამენტის წინ, ცეცხლის გახსნის ინსპირატორები კრემლთან იყვნენ კავშირში.

კარგად მახსოვს, გამსახურდიას გადაგდებამდე, შევარდნაძე მოსკოვიდან აკეთებდა განცხადებებს, რითაც, რეალურად ამზადებდა საფუძველს, ქვეყნის მომავალი მმართველი ყოფილიყო. მას ზურგს გარეთ რუსეთი უმაგრებდა, ხოლო შიგნით დენთის სუნით გაჟღენთილი „შესანიშნავი სამეული“, რომლებმაც ბოლოს, რუსთაველზე ტანკები გამოიყვანეს.

დანგრეული პარლამენტის შენობაში მოკალათებულმა ახალმა, დროებითმა მთავრობამ პირველივე დღეს დაიწყო საუბარი, რომ თუკი ქვეყანას ვინმე გადაარჩენდა, ეს შევარდნაძე იყო. მისი ჩამოსვლა დღის წესრიგში დადგა. შევარდნაძე მალე ჩამოვიდა. გეგმა შესრულდა. კრემლმა კარგად გამოიყენა დასავლეთისა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გაფუჭებული ურთიერთობა.

რა ხდება დღეს? არის თუ არა მსგავსება? პირადად მე მას შემდეგ არ მახსენდება ასეთი ღიად მკაცრი განწყობა დასავლეთიდან. „ოცნებას“ მოუწევს დაფიქრება არა მხოლოდ იმაზე, რატომ არიან გაბრაზებული კონგრესმენები, არამედ იმაზე, როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს კრემლმა. რუსეთს აქვს მსგავსი ჩასაფრებებით სარგებლის მიღების გამოცდილება. ვინ იცის? იქნებ მსგავსი გეგმა უკვე უდევს კიდეც პუტინს წინ და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს ქართველი კოლაბორაციონისტები, რომლებიც, დამერწმუნებით, საკმაოდ ბლომადაა რუსეთში.

ბლოგის წერა შიშის განცდის თემით დავიწყე. დიახ, მე მაქვს შიშის განცდა და ეს ზუსტად რომ ქუჩიდან იწყება. ვხედავ ბოლოდროინდელ განუკითხაობას ქუჩაშიც და მთავრობის პოლიტიკაშიც, ვხედავ ხელისუფლების მხრიდან პასიურობას, შინაურის თუ გარეულის გადაგდებისა და საზოგადოების მოტყუების პოლიტიკას, პენიტენციურ სისტემაში ათასჯერ ნანახ ფილმებს, კლეპტოკრატიის აშკარა ნიშნებს, დილეტანტიზმს, ერთსა და იმავე თანამდებობაზე ერთი და იგივე პერსონების გამწესებას, რომელიც ყველაზე ზუსტი ინდიკატორია, თუ რა ხდება ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაში.

ასე გრძელდება უკვე წლებია და შედეგიც არ აყოვნებს. ოთხი კონგრესმენის წერილი უკვე ოთხი ლურსმანივით ეჭედება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოს და მაშინებს მთავარი, რა იქნება მომავალში, თუკი ივანიშვილმა რადიკალურად არ შეცვალა რაღაც… არ მინდა, ხვალ ვინმე მოკლან ისევ ცემით ქუჩაში, არ მინდა ქვეყნის გამყიდველებმა ხელი შეუწყონ კრემლს, რომ ისევ შეიცვალოს ჩემი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია და ნებსით, თუ უნებლიეთ, ამ ყველაფერში მათ ხელს უწყობდეს ჩემივე ხელისუფლება თავისი უუნარობით… რუსეთი სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას და ვინ იცის, იქნებ ეს აწყობს კიდეც მავანთ „ქართულ ოცნებაში“?!

გენო ჯოხიძე

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....