ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი გეგმა საინფორმაციო ხასიათისაა, მეორე კი –  გრძელვადიანი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩინეთში იმოგზაურეს და ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.

„წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები.

საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის…

რაც შეეხება სიმპტომებს, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....